ფუტსალის ნაკრები ამხანაგურ მატჩებისთვის შეიკრიბა - ევრო 2022-ზე ბინიო დაგვაკლდება, საიოტის ამბავი გაურკვეველია #1TVSPORT
ფუტსალის ნაკრები ამხანაგურ მატჩებისთვის შეიკრიბა - ევრო 2022-ზე ბინიო დაგვაკლდება, საიოტის ამბავი გაურკვეველია #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო – ავთანდილ ასათიანის გუნდი ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 16 და 18 დეკემბერს, ჩვენი მეტოქე უეფა-ს რეიტინგში მეექვსე პოზიციაზე მყოფი სერბეთი იქნება, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური პლეი ოფში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

21 და 22 დეკემბერს, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ყირგიზეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. დეკემბერში დაგეგმილი ოთხივე ამხანაგური შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

სამწუხაროდ, გუნდს ამ შეხვედრებზე და ევროპის ჩემპიონატზე გამორჩეული ლეგიონერი დააკლდება – ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს „ოსასუნა მაგნას“ მცველი ბინიო გამოტოვებს, რომელიც გუნდისთვის დიდი ძალაა. ჯერ კიდევ გაურკვეველია ტიმი საიოტის საკითხი, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლას ცდილობს. ამჯერად შეკრებაზე ვერ ჩამოვიდა ზვიად კუპატაძე, რომელსაც საკლუბო დონეზე მნიშვნელოვანი მატჩები აქვს ჩასატარებელი.

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მიმდინარე წლის აპრილში მოიპოვა. იანვარში ჩვენი გუნდი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდებში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე „დ“ ჯგუფში მოხვდა და პირველ შეხვედრას 22 იანვარს აზერბაიჯანთან გამართავს, 26 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, ხოლო 29 იანვარს – ესპანეთს.