ფუტსალის ლიგის თასის პირველი გათამაშება იწყება
ფუტსალის ლიგის თასის პირველი გათამაშება იწყება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ფუტსალის ლიგის თასის წილისწყრა გაიმართა. ეს გათამაშება წელს პირველად ჩატარდება. მასში მონაწილეობას ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ს გუნდები მიიღებენ.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფუტსალის ლიგის რეგულარულ სეზონში III-VIII ადგილზე გასული გუნდები და ფუტსალის ლიგა 2-ს ექვსი გუნდი, ბრმა წილისყრით დაწყვილდნენ, საიდანაც გაირკვევა იმ ექვსი გუნდის ვინაობა, რომელიც ასპარეზობას 1/4 ფინალში განაგრძობს. გათამაშებაში 1/4 ფინალიდან ჩაერთვებიან
ფუტსალის ლიგის რეგულარული სეზონის I-II ადგილზე გასული თელასი და TMC თბილისი, რომელთა განთესვაც ასევე ბრმა წილისყრით მოხდა. საკვალიფიკაციო, მეოთხედფინალის, ნახევარფინალისა და ფინალის გამარჯვებულები გუნდების ვინაობა ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ილიაუნი vs UG

კსუ vs თელავი

თსუ vs ივერია 2017

მართვე vs დინამო

თსუ 2 vs ბსუ

თბილისი vs პსპ

აღსანიშნავია, სატურნირო ბადეში თელასი და TMC თბილისი იმგვარად გადანაწილდნენ, რომ მეოთხედფინალში მაყურებელი სწორედ მათ დაპირისპირებას იხილავს. თასის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 12 აპრილს გაიმართება, ხოლო 1/4 ფინალური დაპირისპირებები 19 აპრილს შედგება.

„ფუტსალის ლიგის თასი სადებიუტო ტურნირია. ამ ყველაფერს დამატებით ხიბლს სძენს ისიც, რომ წილისყრა ბრმად გაიმართა. მეტოქეები მეტ-ნაკლებად დაბალანსებულად გადანაწილდნენ, რაც ინტერესს კიდევ უფრო ზრდის. აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონატი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ფუტსალის ლიგის პროექტია, რომელსაც სპორტული სააგენტო SBM საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ახორციელებს“, – აცხადებს SBM-ს გენერალური მენეჯერი მალხაზ გედევანიშვილი.