ფუტსალის ლიგის თასის ნახევარფინალისტები ცნობილია
ფუტსალის ლიგის თასის ნახევარფინალისტები ცნობილია

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის თასის სადებიუტო გათამაშების მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. გათამაშებაში მონაწილეობენ ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ს გუნდები.

¼-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ილიაუნმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 4:1 დაამარცხა. პსპ-მ კი თსუ-2 დამაჯერებლად დაამარცხა ანგარიშით 8:1.

დაძაბული გამოდგა თსუ-ს და ქუთაისის მართვეს დაპირისპირება. ძირითად დრო 1:1 დასრულდა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. დაინიშნა ექვსმეტრიანების სერია, რომელიც უკეთ თსუ-მ შეასრულა და ნახევარფინალში გავიდა.

ლიგის თასის ბოლო ნახევარფინალისტი მეოთხედფინალის ცენტრალურ შეხვედრაში გაირკვა; ერთმანეთს ფუტსალის ლიგის ორი უძლიერესი გუნდი TMC – თბილისი და თელასი დაუპირისპირდნენ. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა თელასმა 5:1 მოიგო და ნახევარფინალშია.

ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

თსუ-ილიაუნი

თელასი – პსპ

„დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში მეკარის ძალიან კარგი თამაშის ხარჯზე გავიმარჯვეთ, თუმცა ჩემს არც ერთ მოთამაშეს არ ვუკარგავ თავდადებას. „მართვე” მზარდი გუნდია, მათთან თამაში ყოველთვის რთულია. მოხარული ვარ ნახევარფინალში რომ ვითამაშებთ, სადაც ჩვენი მეტოქე ახალგაზრდა ფეხბურთელებით და გამოცდილი მწვრთნელით დაკომპლექტებული ილიაუნი იქნება. ვეცდებით ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან თსუ-ს მოთამაშე-მწვრთნელმა, დავით ბობოხიძემ.

საქართველოს პირველ არხთან კომენტარი “მართვეს” მეკარემ, გიორგი ნადირაძემაც გააკეთა.

„დაძაბული თამაში იყო. სამწუხაროა, რომ ნახევარფინალში გასვლა ვერ შევძელით, რთული მეტოქე გვყავდა და არც გაგვიმართლა. არასწორი სტრატეგიაც ავირჩიეთ, ვეცადეთ ძალები ბოლო წუთებისთვის დაგვეზოგა, თუმცა არ გაგვიმართლა. მეტოქეს კი, დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ“, – განაცხადა გიორგი ნადირაძემ.