ფუტსალის ლიგის საუკეთესო მოთამაშე ვახტანგ ჯვარაშვილი - კარგი ჯილდოა, მაგრამ ჩემპიონობა მერჩივნა
ფუტსალის ლიგის საუკეთესო მოთამაშედ „თელასის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ჯვარაშვილი აღიარეს. მას ჯილდო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.
„კარგია, როცა შრომა და ძალისხმევა ფასდება. ბედნიერი ვარ, რომ ქვეყნის საუკეთესო მოთამაშე გავხდი, რაც ჩემი გუნდის დამსახურებაა, მაგრამ ამ ყველაფერს ჩემპიონობა სჯობს,“ – ამბობს ვახტანგ ჯვარაშვილი.
საუკეთესო მოთამაშემ დასრულებული სეზონი შეაფასა და ჩემპიონ თსუ-ს ოქროს მედლების მოპოვება მიულოცა: „პირველ რიგში, თსუ-ს ჩემპიონობას ვულოცავ. კარგი ფინალური სერია გამოვიდა. ჩემი აზრით, პირველ შეხვედრაში არ ვიყავი გასაგდები, მაგრამ მსაჯები იღებენ გადაწყვეტილებას. მე ჩემი შეხედულება მაქვს. გადამწყვეტი მატჩი დამატებით დროში გადავიდა და დაძაბული გამოდგა”.