ფუტსალის ლიგის ნახევარფინალები - სტუდენტებმა მწვრთნელის გოლით მოიგეს
ფუტსალის ლიგის ნახევარფინალები - სტუდენტებმა მწვრთნელის გოლით მოიგეს

თბილისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის 2018-2019 წლების სეზონის ნახევარფინალური სერია დაიწყო. დაძაბული რეგულარული სეზონის შემდეგ, საუკეთესო ოთხეული გამოვლინდა – „თელასი“,„ტატიშვილი თბილისი“, თსუ და ქუთაისის „მართვე“.

ეს გუნდები ფინალის საგზურისთვის ნახევარფინალურ წყვილებში იბრძვიან, სადაც დაპირისპირება სამ მოგებამდე გრძელდება. პირველ ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონი „ტატიშვილი თბილისი“ თსუ-ს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) შეხვდა და 1:2 დამარცხდა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. მეთერთმეტე წუთზე „მედიკოსები“ გიორგი სილაგავამ დააწინაურა, წონასწორობა გიორგი ჩიმაკაძემ აღადგინა. დამატებითი დრო სტუდენტებმა უკეთ გამოიყენეს – გადამწყვეტი გოლი მეორე დამატებით ნახევარში თსუ-ს მოთამაშე-მწვრთნელმა დავით ბობოხიძემ გაიტანა.

რეგულარული სეზონის გამარჯვებული, ვიცე-ჩემპიონი „თელასი“ ნახევარფინალში ქუთაისის „მართვეს“ დაუპირისპირდა, რომელიც პლეიოფში პირველად მოხვდა და დამაჯერებლად დაამარცხა 5:0. ამირან ცხომარიამ სამი გოლი გაიტანა, თითო-თითო კი – კახა მაისაიამ და გიორგი ზუნტუროვმა.

„ტატიშვილი თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე ძაბირაძემ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვება მიულოცა.

„რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა.ჩვენმა მცდელობამ არ გაამართლა და დავმარცხდით, მაგრამ ყველაფერი წინაა. თამაშები სამ მოგებამდე გრძელდება. შემდეგ მატჩამდე ძალების აღდგენას შევეცდებით“, – განაცხადა ძაბირაძემ.

თსუ-ს მთავარი მწვრთნელის, დავით ბობოხიძის განცხადებით მათი დღევანდელი მოწინააღმდეგე მოქმედი ჩემპიონია, შესაბამისად, დაძაბულ თამაშს ელოდნენ.

„სასიხარულოა, რომ პირველი მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ. ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ. რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აქვს. შემდეგი მატჩისთვის შევეცდებით, სრულ მზადყოფნაში ვიყოთ. მეტოქეს ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე აკლდა და ვფიქრობ, შემდეგი ნახევარფინალები სულ სხვა სცენარით წარიმართება. მინდა, გულშემატკივრების თანადგომა აღვნიშნო და მათ მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა ბობოხიძემ.

მეორე ნახევარფინალურ მატჩს გუნდები 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავენ.