ფუტსალის ლიგაში საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს
ფუტსალის ლიგაში საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს

ფუტსალის ლიგაში სეზონი დასრულდა და ყველა საუკეთესო გამოვლინდა, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა.

ლიგის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ვახტანგ ჯვარაშვილს (თელასი) გადაეცა. ჩემპიონატის საუკეთესო უნივერსალი ნოდარ ქურცაძე (თსუ) გახდა.

საუკეთესო მცველად თეიმურაზ ექიზაშვილი (ილიაუნი) დასახელდა. ტურნირის საუკეთესო მეკარე თორნიკე ბუკიაა (თსუ). საუკეთესო თავდამსხმელის წოდება გიორგი ჩიმაკაძეს (თსუ) ერგო.

25 გატანილი გოლით ბომბარდირის ჯილდო გიორგი ტიკურიშვილს გადაეცა (თელასი). გუნდისთვის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ ლევან კობაიძე (თსუ) დასახელდა. საუკეთესო ასისტენტი (13 პასი) შოთა თოფურია (თელასი) გახდა.

„ჩემი აზრით, ილიაუნისთვის ძალიან შედეგიანი წელი გამოვიდა. ფინალში თამაში კარგი იქნებოდა, მაგრამ დებიუტანტი გუნდისთვის პირველივე წელს მესამე ადგილი მაინც კარგია. ჩემი ჯილდოსთვის მინდა პირველ რიგში, გუნდელებს გადავუხადო მადლობა, აუცილებლად უნდა გამოვყო მწვრთნელი, ალიკ სარქისიანი, რომელმაც მომცა შანსი ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმომეჩინა,“ – ამბობს „ილიაუნის“ ლიდერი, საუკეთესო მცველად დასახელებული თეიმურაზ ექიზაშვილი.

ფუტსალის ლიგის სეზონი ამით დასრულდა, თსუ კი ქვეყნის ღირსებას უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიცავს, რომლის წილისყრაც 2 სექტემბერს გაიმართება.