ფუტსალის ლიგაში ჩემპიონი ვერ გამოვლინდა - „თელასმა“ მოიგო და შანსი შეინარჩუნა
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მეორე შეხვედრა გაიმართა – მოქმედი ჩემპიონი „თელასი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს (თსუ-ს) შეხვდა, მოიგო და ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
პირველი მატჩი 2:1 თსუ-მ მოიგო. მოქმედ ჩემპიონ „თელასს“ მოგება სჭირდებოდა, ჩემპიონობის შანსი რომ შეინარჩუნებინა და სერიაში მესამე მატჩი გამრთულიყო.
დაძაბული, ნერვული და ძალიან საინტერესო შეხვედრის პირველ ტაიმში გოლი არ გასულა და მატჩი 0:0 დასრულდა. ანგარიში 27-ე წუთზე „თელასის“ მოთამაშემ, ნიკა ხარატიშვილმა ეფექტური გოლით გახსნა, 38-ე წუთზე კი ჯანო გიორგაიამ თსუ-ს კარი მეორედ აიღო.
სტუდენტებმა თამაშის შემოტრიალება მაინც მოახერხეს. რამდენიმე წამში ნოდარ ქურცაძემ „თელასის“ კარი აიღო, 39-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა 2:2.
გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო გახდა დამატებითი 5-წუთიანი ტაიმების დანიშვნა. პირველი დამატებული დროის 42-ე წუთზე ჯანო გიორგაიამ თსუ-ს კარი კიდევ ერთხელ აიღო და „თელასი“ კვლავ დააწინაურა – 3:2, მაგრამ მეორე დამატებული დროის დასრულებამდე ზუსტად 4 წამით ადრე თსუ-ს გამოცდილმა მოთამაშემ, ლაშა სიგუნავამ წონასწორობა ისევ აღადგინა – 3:3.
საჭირო გახდა პენალტების სერიის დანიშვნა, რომელიც უკეთ „თელასმა“ შეასრულა – 2:0. ფუტსალის ლიგის ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1.
მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 19 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მატჩის დაწყების დრო ჯერ უცნობია.