ფუტსალის ლიგაში ჩემპიონი გამოვლინდა - ფინალურ სერიაში „თელასმა“ გაიმარჯვა
ფუტსალის ლიგაში გამარჯვებულის ვინაობა „თელასისა“ და „ტატიშვილის კლინიკის“ საჩემპიონო სერიის მეხუთე, გადამწყვეტ შეხვედრაში გამოვლინდა.
პირველი ნახევარი ანგარიშით 0:0 დასრულდა, ანგარიში 31-ე წუთზე ჯანო გიორგაიამ გახსნა და „თელასი“ დააწინაურა. დარჩენილ დროში „ტატიშვილის კლინიკამ“ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა, კონტრშეტევაზე კი შოთა თოფურიამ მეორეც გაუტანა 2:0 და „თელასმა“ ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება დაიბრუნა.
„ეს „თელასის“ მესამე ტიტულია, ჩემპიონობის მოპოვება ჩვენთვის ასეთი რთული არასდროს ყოფილა. ფინალში ხუთივე თამაში ძალიან ძნელი გამოდგა. სეზონის განმავლობაში გაწეული შრომისთვის მთელ გუნდს მადლობას ვუხდი. ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრის დრო ჯერ არ გვქონია, რადგან მთლიანად ადგილობრივ ჩემპიონატზე ვიყავით კონცენტრირებული. ბევრად სოლიდურ გუნდებთან გვექნება საქმე და სერიოზული მომზადება გვმართებს“, – ამბობს „თელასის“ მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი.
„ტატიშვილის კლინიკის“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ძაბირაძემ მეტოქის უპირატესობა აღიარა.
„შემადგენლობაში პრობლემები გვქონდა, რამაც ხელი ძალიან შეგვიშალა. ნახევარფინალიდან მოყოლებული რთული მატჩები მოგვიწია, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ვიცოდი, რომ ჩემპიონის ბედს დეტალები გადაწყვეტდა და ასეც მოხდა. „თელასს“ გამარჯვებას ვულოცავ და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვუსურვებ. მთლიანად ტურნირის დონე წლიდან-წლამდე იზრდება და ახალი გუნდების დამატებაც დადებითად იმოქმედებს“, – განაცხადა ალექსანდრე აძაბირაძემ.