ფუტსალის ლიგაში ახალი სეზონი იწყება
ფუტსალის ლიგაში ახალი სეზონი იწყება
საქართველოს ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 6 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გევრდი ავრცელებს.
 
ამასთან დაკავშირებით ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის ახალი სეზონის წილისყრა გაიმართა.
ფუტსალის ლიგის ახალ გათამაშებაში 6 გუნდი ითამაშებს, რომლებიც ერთმანეთს სამ წრედ დაუპირისპირდებიან. შემდეგ საუკეთესო ოთხეული ასპარეზობას პლეი-ოფში განაგრძობას. 1/2 ფინალური და ფინალური შეხვედრები სამ მოგებამდე გასტანს, ხოლო „ბრინჯაოს ფინალი“ ორ მოგებამდე გაგრძელდება.
ზედა ლიგის მსგავსად, 6 გუნდი იქნება ლიგა 2-ში. სამი წრის შემდეგ, უმაღლესი ლიგის საგზურისთვის საუკეთესო ოთხეული განაგრძობს ბრძოლას. 1/2 ფინალური და ფინალური შეხვედრები ორ მოგებამდე გაგრძელდება.
წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდები პარალელურად ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებაში ჩაერთვებიან. სადაც წრიული ეტაპის შედეგებით გამოვლენილი სსაუკეთესო 8 გუნდი იასპარეზებს. ფინალისტი და თასის მფლობელი ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მეხუთე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ფუტსალის ორივე ლიგის პარტნიორი კვლავ საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი იქნება და ჩემპიონატიც მისი თანადაფინანსებით ჩატარდება – წელს პირველად, ფუტსალის ორივე ლიგის გუნდები მატერიალურ ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საბაზისო დაფინანსებას მიიღებენ.
სეზონის პირველი სათამაშო დღე 6 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 17:00 საათზე თსუ-სა და თბილისის მატჩით დაიწყება. 19:00 საათზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თელასისა და ლიგა 2-დან გადმოსულ ილიაუნის დაპირისპირება შედგება. 7 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში 14:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადგილობრივ მართვეს დაუპირისპირდება.