ფუტსალის ლიგაში დარჩენილი უკანასკნელი საგზური გათამაშდა – თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ შეხვედრაში ფუტსალის ლიგა 2-ის ვერცხლის მედალოსანმა პსპ-მ უმაღლესი ლიგის მეხუთეადგილოსანი ქუთაისის „მართვე“ დაამარცხა და 2020/21 წლის სეზონიდან ფუტსალის ლიგაში იასპარეზებს.
პსპ ერთწუთიან ინტერვალში გურამ გოგიჩაიშვილისა და ზუკა გარსევანიშვილის გოლებით დაწინაურდა. ლევან სვანიძემ კი მე-10 წუთზე უპირატესობა სამამდე გაზარდა. „მართვემ“ მეორე ტაიმში ერთი ბურთი გიორგი გურეშიძის წყალობით გაქვითა, მაგრამ ქუთაისელებმა მეტი ვეღარ შეძლეს და ლიგა 2-ში დაქვეითდნენ.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ქუთაისელების მეკარე გიგლა ბერძენაძე დასახელდა, რომელსაც ესპანური ბრენდი ჯომასგან 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება – თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 17 აგვისტოს ფუტსალის ლიგის მესამე ადგილისთვის ერთმანეთს „თბილისი“ და „ილიაუნი“ დაუპირისპირდებიან, „თელასსა“ და თსუ-ს შორის კი ფინალური სერიის მეორე შეხვედრა გაიმართება.