ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი „თელასი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი ჩემპიონმა კარგად დაიწყო და საქართველოს ნაკრების მოთამაშის, გიორგი ტიკურიშვილის გოლით „თელასი” მე-11 წუთზე დაწინაურდა. თუმცა, სულ რაღაც 18 წამში თსუ-ს მოთამაშემ, ლევან კობაიძემ წონასწორობა აღადგინა.
ტაიმის მიწურულს, მე-19 წუთზე ტიკურიშვილს მეორედ შეეძლო „თელასის” დაწინაურება, მაგრამ 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით ვერ ისარგებლა.
მეორე ტაიმი დაძაბულ და ნერვულ ბრძოლაში მიმდინარეობდა, გადამწყვეტი ამბავი შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მოხდა 38-ე წუთზე, მქომედი ჩემპიონის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ჯვარაშვილი მეტოქესთან უხეშობისთვის გააძევეს, ხოლო მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, არჩილ ბოკერიას წითელი ბარათი მსაჯთან კამათისთვის აჩვენეს.
თსუ-მ ამით მალე ისარგებლა და გუნდის ერთ-ერთმა გამოცდლმა მოთამაშემ, მურთაზ კაკაბაძემ 10-მეტრიანი საჯარიმო გამოიყენა და „სტუდენტებს“ გამარჯვება მოუტანა – 2:1.
პირველი ფინალის საუკეთესო მოთამაშედ თსუ-ს მეკარე თორნიკე ბუკია დასახელდა, რომელსაც ესპანური ბრენდი „ჯომასგან“ 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
საქართველოს ჩემპიონის გამოსავლენად ფინალური სერიის მეორე შეხვედრა 17 აგვისტოს გაიმართება. ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლა ორ მოგებამდე გრძელდება.