ფუტსალის ლიგა - თსუ ერთპიროვნული ლიდერია, „თელასმა“ ზედიზედ მეორედ ვერ მოიგო
ფუტსალის ლიგა - თსუ ერთპიროვნული ლიდერია, „თელასმა“ ზედიზედ მეორედ ვერ მოიგო

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა. მატჩები დაძაბულად წარიმართა და საინტერესო ამბები მოხდა.

ტური „თბილისისა“ და „ილიაუნის“ მატჩით დაიწყო. მე-10 წუთზე გიორგი მამულაშვილმა სტუდენტები დააწინაურა, მაგრამ მეორე ტაიმში „თბილისმა“ მეტოქეს სამი გოლი გაუტანა – თავი გამოიჩინეს ბაკურ გულუამ (21), დაჩი ჩადუნელმა (24) და გიორგი ივანიშვილმა (25). „ილიაუნმა“ სხვაობა საბა მაჩიტიძის (32) გოლით შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ, დამარცხება თავიდან ვერ აირიდა და „თბილისმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 3:2.

მოქმედი ვიცე-ჩემპიონი და ბოლო წლების ყველაზე ტიტულოვანი გუნდი „თელასი-ჯორჯიანსი“ მეორე ტურია, ვერ იგებს. ამჯერად, ავთანდილ ასათიანის გუნდს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) დაუპირისპირდა და მატჩი 2:2 დასრულდა. თუმცა, „თელასს“ მოგების რეალური შანსი ჰქონდა: ვახტანგ ჯვარაშვილმა მე-2 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო ჯანიკო გიორგაიამ 29-ე წუთზე გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. კსუ–მ თამაშის გადარჩენა ბოლო წუთებზე მაინც მოახერხა. სხვაობა კახაბერ მაისაიამ (37) შეამცირა, ხოლო ლუკა ფარცვანიამ (38) გუნდს ქულა მოუტანა – 2:2.

სათამაშო დღის ბოლო მატჩში მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თსუ „პსპ“-ს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. თსუ გიორგი ჭოხონელიძისა (6) და ვანო ბექაურის (9) გოლებით დასაწყისშივე დაწინაურდა, მაგრამ „პსპ“-მ იბრძოლა და 22-ე წუთზე ნიკა ხარატიშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. თუმცა, გათანაბრება ვეღარ მოახერხა.

6 ტურის შემდეგ საქართველოს ფუტსალის ლიგას უდანაკარგოდ თსუ ლიდერობს, რომელმაც 18 ქულა დააგროვა.

ფუტსალის ლიგა. სატურნირო ცხრილი

1. თსუ  – 18

2. თბილისი – 13

3. თელასი – 10

4. კსუ – 5

5. პსპ – 4

6. ილიაუნი – 1

ბომბარდირები

1. ოთარ ბერეჩიკიძე თბილისი  – 9

2. ჯანიკო გიორგაია თელასი – 7

3. გიორგი ჩიმაკაძე თსუ – 5