ფუტსალის ლიგა - თელასმა ლიდერობა დაიბრუნა
ფუტსალის ლიგა - თელასმა ლიდერობა დაიბრუნა
ფუტსალის ლიგაში მეშვიდე ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიხსნა, სადაც „ილიაუნი“ „თსუ“-ს დაუპირისპირდა და მოულოდნელად დაამარცხა.
 
„საუნივერსიტეტო დერბიში“ „ილიაუნი“ გიორგი კურტანიძემ და ნიკა გვზავამ დააწინაურეს. „თსუ“-მ მურთაზ კაკაბაძის გოლით მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო და საბოლოოდ „ილიაუნმა“ 2:1 მოიგო. ეს მიმდინარე სეზონში ლიგის დებიუტან ილიაუნის ზედიზედ მეხუთე მოგებაა – მან ჩემპიონი თელასიც დაამარცხა.
ფუტსალის ლიგის მეშვიდე ტური ქუთაისის სპორტის სასახლეში გაგრძელდა. „თბილისმა“ მასპინძელი ქუთაისის „მართვე“ დამაჯერებელი უპირატესობით სძლია – 7:2. გამარჯვებულებიდან დუბლი ზურაბ ვარდუაშვილმა და კახა გოგოხიამ გაიფორმეს.
„თელასმა“ კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი ანგარიშით 6:0 დაამარცხა – ჯანო გიორგაიამ დუბლი შეასრულა, დანარჩენი გოლები ბორის ესებუას, გიორგი ტიკურიშვილის, გიორგი სოზაშვილისა და გეგა კოშაძის ანგარიშზეა. ამით ავთანდილ ასათიანის გუნდმა ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა. „თსუ“ და „ილიაუნი“ 15-15 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. ფუტსალის ლიგის მერვე ტური 14 თებერვალს გაიმართება.