ფუტსალის ლიგაში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ტური თელასისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაპირისპირებით დაიწყო.
„ენერგეტიკოსებმა“ პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს, მეორე ნახევარში კიდევ სამი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ, 6:3 გაიმარჯვეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი შოთა თოფურიამ გაიფორმა.
„თბილისმა“ ქუთაისის „მართვე“ დიდი ანგარიშით, 8:1 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან გიორგი ქურდაძის ანგარიშზე სამი ბურთია. აველო კიკვაძემ და კახა გოგოხიამ კი დუბლი გაიფორმეს. თბილისმა ამ მოგებით მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა.
ტური საუნივერსიტეტო დერბით დასრულდა, რომელიც მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრა იყო – ილიაუნი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა. დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირების პირველი ნახევარი ფრედ, 1:1 დასრულდა. თამაშის განახლებიდან მეორე წუთზე თსუ-ს მოთამაშე გიორგი ჩიმაკაძემ დუბლი გაიფორმა. თსუ-მ ანგარიშის შენარჩუნება შეძლო და მეორე გამარჯვება მოიპოვა. ილიაუნის რიგებიდან ერთი გოლი თემურ ექიზაშვილის ანგარიშზეა.
ფუტსალის ლიგის მესამე ტური 20 დეკემბერს თბილისის ოლიმპირ სასახლეში დაიწყება და 21 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში დაგეგმილი მატჩით დასრულდება.