ფუტსალის ლიგა - საჩემპიონო პლეი-ოფის საგზური მხოლოდ „თელსმა“ გაინაღდა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში მე-20 ტურის მატჩები გაიმართა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე საჩემპიონო პლეი-ოფის მონაწილეებიდან ჯერ მხოლოდ ერთი გუნდი გაირკვა.
თელასი-არმია 2:2
„თელასი ჯორჯიანსმა“ რეგულარული სეზონის ჩემპიონობა გაინაღდა და ბოლოსწინა ტურში კონცენტრაცია აშკარად დააკლდა. ავთანდილ ასათიანის გუნდი აგებდა, მაგრამ საბოლოოდ ქულა მაინც მოიპოვა.
კსუ – ბსსა 6:3
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბათუმის საზღვაო აკადემიასთან პირველ ნახევარში სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა და მეორე ტაიმში კი უპირატესობა შეინარჩუნა. მოქმედი ჩემპიონი ტიტულის დასაცავად ბრძოლას აგრძელებს.
თსუ- პსპ 3:2
საჩემპიონო ბრძოლის გაგრძელების უფლება მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმაც, რომელმაც მეორეადგილოსანი პე-ეს-პე დაამარცხა და „ფარმაცევტებს“ მეორე ნახევარფინალური საგზურის მოპოვება გაურთულა.
მართვე-ილიაუნი 0:7
ოთარ ბერეჩიკიძემ ოთხი ბურთი გაიტანა ქუთაისში „მართვესთან“ გასვლით შეხვედრაში, მაგრამ „ილიაუნი“ დარჩენილ მატჩებში ლიდერთა ოთხეულს ვერ დაეწევა.
რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა და „თელასი“ მეტოქეს ნახევარფინალში დაელოდება. მეორე ნახევარფინალისტის საგზურისთვის მეორე ადგილზე აღზევებული კსუ და მესამე პოზიციაზე მყოფი პსპ იბრძვიან. კავკასიელებს მეტოქეზე 5 ქულით მეტი აქვთ, მაგრამ „ფარმაცევტებს“ ერთი გამოტოვებული მატჩი მარაგში აქვთ.
დანარჩენი ორი ნახევარფინალისტი პლეი-ოფში გამოვლინდება – მესამეზე გასული მეექვსეადგილოსანს შეეჯიბრება, მეოთხეზე გასული – მეხუთეადგილოსანს. ქუთაისური „მართვე“ კი ფუტსალის მთავარ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ფლეი აუტში იბრძოლებს.