ფუტსალის ლიგა - პსპ-მ ბათუმში გადადებული მატჩი მოიგო #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა - პსპ-მ ბათუმში გადადებული მატჩი მოიგო #1TVSPORT

ბათუმის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის მე-10 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. ბათუმის საზღვაო აკადემიას (ბსა) „პე-ეს-პე-ს“-თვის (პსპ) მარტში უნდა ემასპინძლა, მაგრამ რამდენიმე მოთამაშის კორონავურუსით დაინფიცირების გამო გადაიდო.

პსპ ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია, ფარმაცევტებს და ბსა-ს გასული სეზონის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო 6-6 ქულა დააკლეს. ბათუმელები აუტსაიდერები არიან და ამდენად, ქულები ორივეს ჰაერივით სჭირდებოდათ.

პსპ სერიოზულ წინააღმდეგობას პირველ ტაიმში წააწყდა, მაგრამ საბოლოოდ, დიდი ანგარიშით მოიგო. ნიკოლოზ კოპლატაძემ (2, 13) დუბლი შეასრულა, მასპინძლებს გიორგი ზუნტუროვმა და გურამ გოგიჩაიშვილმაც (15) გაუტანეს და სტუმრებმა ტაიმი 4:0 მოიგეს.

ბსა-მ მეორე ნახევრის დასაწყისში თამაშის გადარჩენა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბათუმელებს ფარმაცევტებმა კიდევ 4 უპასუხო გოლი გაუტანეს – თავი გამოიჩინეს გურამ გოგიჩაიშვილმა (30), ლევან სარდანაშვილმა (30), გიორგი ზუნტუროვმა (39) და მელტონ ახალაიამ (39).

საბოლოოდ, პსპ-მ 8:0 გაიმარჯვა, 26 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა, თუმცა დაკლებული ქულების და 2 გამოტოვებული მატჩის გამო ლიდერ „თელასს“ 14 ქულით ჩამორჩება.