ფუტსალის ლიგა | პლეი ოფის ოთხეული გაირკვა - თასის მფლობელი „ილიაუნი“ ლიგიდან გავარდა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა. მხოლოდ ბოლო ტურში გაირკვა, ფინალურ ოთხეულში გასული გუნდები, ასევე რომელი გუნდი დაქვეითდა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ვინ იბრძოლებს.
კსუ – თსუ 4:3
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა კსუ-მ დაძაბულ ბრძოლაში მოქმედი ჩემპიონის, თსუ-ს დამარცხება მოახერხა. ჩემპიონები სამჯერ დაწინაურდნენ მურთაზ კაკაბაძის (9) და დავით გეგეშიძის (15, 32) გოლებით. მაგრამ ნიკა მანგოშვილის (12, 34) და გიორგი ღავთაძის გოლებით (24, 33) კსუ-მ სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და ოთხეულში გავიდა.
თბილისი – თელასი ჯორჯიანსი 4:4
ეს სათამაშო დღის ყველაზე დაძაბული მატჩი გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გაირკვა. „თბილისმა“ ვიცე-ჩემპიონის კარი ოთხჯერ აიღო – გიორგი ივანიშვილმა (17, 31) დუბლი შეასრულა, 1-1 გოლი ბაკურ გულუას (30) და თამაზ გოგსაძის (27) ანგარიშზეა. „თელასიდან“ კი დუბლი შოთა თოფურიამ (8,32) შეასრულა, ერთიც ამირან ცხომარიამ (7) და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა (38) გაიტანეს. „თბილისმა“ ვერ მოიგო და ფინალურ პლეი ოფში მისი გასვლა დამოკიდებული იყო შემდეგი მატჩის შედეგზე.
ილიაუნი – პსპ 3:1
ეს იყო სენსაციური მატჩი. საქართველოს თასის მფლობელმა „ილიაუნმა“, რომელსაც რეგულარულ სეზონში მოგება არ ჰქონდა, კარი გამოიჯახუნა. გუნდმა ბოლო ტურში პირველი მატჩი მოიგო და „პე-ეს-პე“-ს ფინალურ პლეი ოფში გასვლის შანსი წაართვა. გამარჯვებულებიდან თავი გამოიჩინეს საბა მაჩიტიძემ (23), ომარ ასაშვილმა (37)და ალექსანდრე აბულაძემ (40), ხოლო „პე-ეს-პე“-დან გურამ გოგიჩაიშვილმა (39).
ასე რომ, პლეი ოფის კვარტეტი სრულად გაირკვა. ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ თსუ, „თელასი“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი „კსუ“ და „თბილისი“. „პე-ეს-პე“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი ოფში იბრძოლებს, ხოლო თასის მფლობელი „ილიაუნი“ პირველ ლიგაში დაქვეითდა.