ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მე-14 ტური ილიაუნისა და ქუთაისის „მართვეს“ დაპირისპირებით დაიწყო, რომელიც „უნივერსიტეტელებმა“ დიდი უპირატესობით მოიგეს.
თბილისელებმა პირველივე ნახევარში მეტოქეს რვა გოლი გაუტანეს, თამაშის დასრულებამდე კიდევ შვიდი ბურთი გაიტანეს და „ილიაუნმა“ საბოლოოდ 15:0 მოიგო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან თემურ ექიზაშვილის, გიორგი ახლანძისა და გიორგი კურტანიძის ანგარიშზე 3-3 ბურთია, გურამ ნადარეიშვილმა კი დუბლთან ერთად ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ფუტსალის ლიგის ცენტრალურ მატჩში „თელასი“ თსუ-ს შეხვდა და მოულოდნელად დამარცხდა. მოქმედი ჩემპიონი პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდა. გუნდმა მეორე ტაიმში ვითარების გამოსწორება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და საბოლოოდ, 2:5 დამარცხდა. გამარჯვებულებიდან თავი გამოიჩინეს გიორგი ჩიმაკაძემ, მიხეილ თევზაძემ, მურთაზ კაკაბაძემ, ნოდარ ქურცაძემ და თორნიკე ბუკიამ, ხოლო „თელასიდან“ ნიკა ხარატიშვილმა და ბორის ესებუამ.
ამ მოგებით თსუ-მ 33 ქულა დააგროვა და პირველადგილოსან „თელასთან“ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, ხოლო მესამე პოზიციაზე 25 ქულით „ილიაუნი“ იმყოფება.