საქართველოს ფუტსალის ლიგაში მე-18 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. ზედიზედ მეორედ დამარცხდა ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდი „თელასი“, რომელიც მანამდე ფაქტობრივად, უდანაკარგოდ ლიდერობდა. ტურის შედეგებმა, რეგულარული სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, საჩემპიონო ფლეი ოფის კვარტეტში მოსახვედრად ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბა.
ფუტსალის ლიგის მე-18 ტური
კსუ – არმია 3:2
„არმია“ ლაშა ფოფხაძისა (6) და გიორგი სილაგავას (28) მოქმედ ჩემპიონ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (კსუ) შეხვედრაში გოლებით ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ ნიკა ხარატიშვილმა (9, 29) ორივეჯერ წონასწორობა აღადგინა, ნიკა მანგოშვილმა (32) კი კსუ-ს გამარჯვება მოუტანა.
თსუ – თელასი 2:0
გათამაშების ლიდერმა „თელასმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ვიცე-ჩემპიონი თსუ მე-15 წუთზე კაიქუე გომესმა დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი 33-ე წუთზე გიორგი ჩიმაკაძე დააფიქსირა. 35-ე წუთზე მსაჯთან შეკამათებისთვის სათადარიგოთა სკამიდან თსუ-ს მთავარი მწვრთნელი დავით ბობოხიძე გააძევეს.
ილიაუნი – პსპ 5:3
„ილიაუნმა“ შეხვედრის სტარტზე ცუდად დაწყებული საქმე გამოასწორა და თამაში სათავისოდ შემოატრიალა. ანგარიში უკვე მე-3 წუთზე ფარმაცევტების მოთამაშე მელტონ ახალაიამ გახსნა, ხოლო მე-4 წუთზე კი პსპ-ს უპირატესობა გურამ გოგიჩაიშვილმა გაზარდა. გავიდა კიდევ 30 წამი და ნიკოლოზ ბოლქვაძის გოლით „ილიაუნმა“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ თემურ ექიზაშვილმა მე-10 წუთზე პსპ-ს ორბურთიანი უპირატესობა ისევ აღადგინა. თუმცა, „ილიაუნის“ ლიდერმა, ოთარ ბერეჩიკიძემ მე-16 წუთის 19-წამიან მონაკვეთში შესრულებული დუბლით მეტოქის უპირატესობა გააბათილა – 3:3. „ილიაუნმა“ მეორე ნახევარში, 27-ე წუთზე, სულ რაღაც 11 წამში მეტოქის კარი ორჯერ აიღო – გუნდს გამარჯვება ნიკოლოზ ბოლქვაძემ (დუბლი შეასრულა) და დავით თაბაგარმა მოუტანეს.
ფუტსალის ლიგის მე-18 წუთის ბოლო შეხვედრა „მართვესა“ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას (ბსსა) შორის ქუთაისის სპორტის სასახლეში ხვალ, 21 აპრილს გაიმართება.
სატურნირო ცხრილი
1 თელასი 18 43
2 კსუ 17 34
3 პსპ 16 32
4 თსუ 18 29
5 ილიაუნი 18 25
6 არმია 17 34
7 მართვე 17 6
8 ბსსა 17 -3
ჯარიმები: პსპ -6 ქულა; ბსსა -6 ქულა;