ფუტსალის ლიგა განახლდა - სტუდენტური დაპირისპირება თსუ-მ მოიგო
ფუტსალის ლიგა განახლდა - სტუდენტური დაპირისპირება თსუ-მ მოიგო

საქართველოს ფუტსალის ლიგის 2019/20 წლების სეზონი Covid 19-ით გამოწვეული ოთხთვიანი პაუზის შემდეგ დღეს განახლდა.

გუნდები რეგულარული სეზონის დასკვნით, მესამე წრეს ჩაატარებენ და ჩემპიონატს შემჭიდროებულ ვადებში დაამთავრებენ. დებულებაში ცვლილებაა – საპლეიოფო შეხვედრები ორ მოგებამდე გაიმართება, ხოლო თასის გათამაშება არ ჩატარდება. XII ტურის მონაცემებით, ოთხეულში გამსვლელთა ვინაობა, ფაქტობრივად, გარკვეულია.

ფუტსალის ლიგა მე-12 ტური მოქმედი ჩემპიონის, „თელასისა“ და ბათუმის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატჩით უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ბათუმელებს საკადრო პრობლემები შეექმნათ, მატჩზე არ გამოცხადდნენ და ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ – 0:5.

დღის მეორე შეხვედრაში „თბილისმა“ ქუთაისის „მართვე“ 3:1 დაამარცხა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ შეხვედრაში „თბილისმა“ მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია და ოთხეულში ადგილი გაინაღდა.

სათამაშო დღე ტურის მატჩით დასრულდა – თსუ „ილიაუნს“ დაუპირისპირდა და კონკურენტი 4:3 დაამარცხა.