ფუტსალის ლიგაში მეორე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. პსპ „თბილისს“ შეხვდა, ხოლო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) – „ილიაუნს“.
„თბილისმა“ მეტოქეს აჯობა და 4:2 მოიგო. გამარჯვებულებიდან ჰეთ-თრიქი ოთარ ბერეჩიკიძემ შეასრულა, რომელიც ორი ტურის შემდეგ გატანილი 5 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. „თბილისიდან“ ერთი გოლი ბაკურ გულუას ანგარიშზეა, ხოლო პსპ-დან გოლები ლევან სვანიძემ და გიორგი აფციაურმა გაიტანეს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) უპირატესობას ფლობდა „ილიაუნთან“ და პირველი ტაიმი 2:0 მოუგო – გოლები ნიკა მანგოშვილმა და ლევან კობაიძემ გაიტანეს. მეორე ნახევარში, მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე „ილიაუნის“ კაპიტანმა ნიკა გვაზავამ სხვაობა შეამცირა და თამაშს ინტრიგა დაუბრუნდა. მაგრამ მალევე ლუკა ფარცვანიამ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა, გიორგი ღავთაძემ კი კსუ-ს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და ლიგის დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა – 4:1.
ფუტსალის ლიგის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა 17:10 საათზე დაიწყება – მოქმედი ჩემპიონი თსუ – ვიცე-ჩემპიონს, „თელასს“ დაუპირისპირდება.