ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველი შეხვედრა წააგო [ფოტო]
ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველი შეხვედრა წააგო [ფოტო]

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველ შეხვედრა რუსეთის წინააღმდეგ გამართა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩში ავთანდილ ასათიანის გუნდი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, რუსეთს დაუპირისპირდა და დიდი მცდელობის მიუხედავად, შეხვედრა დათმო.

საქართველოს ნაკრებს ორი გამორჩეული მოთამაშე ვერ დაეხმარა – სიმი საიოტი ტრავმირებულია, ხოლო ლიმასოლის აელ-ის ქართველი ლეგიონერი ირაკლი თოდუა პანდემიის გამო ქვეყნებს შორის დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის გამო ვერ ჩამოვიდა.

თამაში რუსების უპირატესობით დაიწყო და რეალურად, ევროპის ვიცე-ჩემპიონის კლასი მთელი მატჩის განმავლობაში იგრძნობოდა. საქართველომ იბრძოლა, ერთ მომენტში მდგომარეობა გამოასწორა, მაგრამ ანგარიში სტუმრებმა ნატურალიზირებული ბრაზილიელის, რომულოს გოლით გახსნეს – 1:0.

საქართველოს ნაკრებს წონასწორობის აღდგენის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში შემტევებმა ზუსტად ვერ ითამაშეს, სტუმრებმა კი ჩვენს დაცვას შეცდომა მეორედაც არ აპატიეს და არტიომ ნიაზოვმა სხვაობა გაზარდა – 0:2.

ამის შემდეგ ვახტანგ კეკელიას და შაგინიას შეეძლოთ გატანა, მაგრამ რუსეთის ნაკრები ძელმა „იხსნა“, ვახტანგ ჯვარაშვილის დარტყმულს კი მეკარე გადაეღობა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო – რუსეთის ნაკრების კარის აღება შაგინიას და კეკელიას შეეძლოთ. სამწუხაროდ, ჩვენებმა შანსით ვერ ისარგებლეს, დანილ დანილოვმა და ნიაზოვმა კი კონტრშეტევაზე სტუმართა უპირატესობა ოთხამდე გაზარდეს.

დარჩენილ წუთებში სხვაობის შემცირება სცადეს რონინიომ და ელისანდრომ, მაგრამ რუსების მეკარე კარს ძალიან კარგად იცავდა, საბოლოოდ კი შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა 4:0.

 

საქართველო – რუსეთი 0:4

გოლები: 0:1 რომულო (5), 0:2 ნიაზოვი (10), 0:3 დანილოვი (28), 0:4 ნიაზოვი (33)

საქართველო: კუპატაძე – შაგინია, რონინიო, თალესი, ბინიო

სათადარიგოები: ბუკია (მ), გავთაძე, გიორგაია, თოფურია, კეკელია, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, ელისანდრო, ჩიმაკაძე

მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

 

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 მარტს თბილისში გამართავს – ავთანდილ ასათიანის გუნდი სომხეთს უმასპინძლებს.