ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა - საქართველოს ჩემპიონი კსუ მონტენეგროს ჩემპიონთან დამარცხდა #1TVSPORT
ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა კსუ-მ მონტენეგროში ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საწყისი ეტაპის პირველი მატჩი მასპინძელ „ტიტოგრადთან“ გამართა და დამარცხდა.
თამაში დაძაბული გამოდგა. ლევან კობაიძის გუნდი მეტოქეს პრობლემებს უქმნიდა. მე-2 წუთზე შოთა ჭანუყვაძემ სახიფათოდ დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია. მე-13 და 24-ე წუთებზე კი გატანის შანსი ბექა ბექაურს და ნიკა ხარატიშვილს მიეცათ და „ტიტოგრადი“ მეკარემ გადაარჩინა. 29-ე წუთზე ისევ ჭანუყვაძემ შეუტია და მასპინძელთა კიპერმა კვლავ საიმედო ითამაშა.
კსუ-ს მეკარე დათო ჯინჭარაძესაც არ აკლდა საქმე, მაგრამ რამდენიმე სახიფათო შეტევა მოიგერია. მასპინძლებმა ზეწოლა განსაკუთრებით ბოლო წუთებზე გააძლიერეს და შედეგს მიაღწიეს. 37-ე წუთზე ანგარიში არიან ეფოვიჩმა გახსნა, ხოლო 38 – ილია მუგოშამ კსუ-ს კარი მეორედ აიღო და საბოლოოდ, „ტიტოგრადმა“ 0:2 მოიგო.
კსუ – ტიტოგრადი
0:1 ეფოვიჩი (37), 0:2 მუგოშა (38)
კსუ: ჯინჭარაძე, ჩიმაკაძე, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, სიგუნავა – ლობჯანიძე (მ), ბექაური, ოთინაშვილი, წერეთელი, ფარცვანია, მაისაია, ქეშელაშვილი, კობაიძე, კარატიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ლევან კობაიძე
„ე“ ჯგუფის მეორე შეხვედრაში სერბეთის ჩემპიონმა, ქვეყნის ნაკრების საბაზო გუნდმა „ფონმა“ ირლანდიური „ბლუ მაჯიქ დუბლინი“ 4;1 დაამარცხა და „ტიტოგრადთან“ ერთად გალიდერდა. კსუ 22 აგვისტოს „ფონს“ დაუპირისპირდება, ხოლო ბოლო მატჩს 24 აგვისტოს – „ბლუ მაჯიქ დუბლინთან“.
წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მეინ-რაუნდში ასპარეზობის უფლებას 8 ჯგუფის პირველადგილოსნები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებენ. მეინ-რაუნდის წილისყრა 30 აგვისტოსაა დაგეგმილი, მატჩები კი, 26-31 ოქტომბერს გაიმართება.