ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა იწყება - საქართველოს ჩემპიონი მონტენეგროში ორი ლიდერის გარეშე გაემგზავრება #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონი ფუტსალში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი (კსუ, CIU) 19 აგვისტოს მონტენეგროში გაემგზავრება, სადაც 2021-2022 წლების უეფა-ს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საწყისი ჯგუფი ეტაპის მატჩები გაიმართება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი (კსუ, CIU) E ჯგუფის პირველ შეხვედრას, 21 აგვისტოს მონტენეგროს „ტიტოგრადთან“ გამართავს, 22 აგვისტოს სერბულ „ფონს“ დაუპირისპირდება, ხოლო დასკვნით შეხვედრას ირლანდიურ „ბლუ მაჯიქ დუბლინთან“ 24 აგვისტოს ჩაატარებს.
კსუ-ს მზადებაზე საქართველოს პირველ არხთან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, შოთა ჭანუყვაძემ ილაპარაკა.
„ფუტსალის ჩემპიონთა ლიგისთვის სამი მოთამაშე დავიმატეთ – ჩვენთან ითამშებს ნიკა ხარატიშვილი პსპ-დან, ხოლო მხოლოდ ამ ტურნირზე თსუ-ს ორი ლიდერი, მურთაზ კაკაბაძე და გიორგი ჩიმაკაძე დაგვეხმარებიან, რისთვისაც სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდსა და მის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდით“, – ამბობს შოთა ჭანუყვაძე.
მისი თქმით, გუნდს სერიოზული დანაკლისი აქვს:
„პანდემიის გამო, შეკრება წყალტუბოში გვქონდა და ქუთაისში ვვარჯიშობდით. თბილისში ჩამოვედით და ჩვენს ორ წამყვან მოთამაშეს კორონა დაუდასტურდა. ბექა ბექაური დღეს გამოვიდა იზოლაციიდან და წამოვა, მაგრამ ნიკა მანგოშვილს დღეს დაუდასტურდა და ის ძალიან დაგვაკლდება, გული ძალიან დაგვწყდა. ასევე არ ითამაშებს ჩვენი ლიდერი გიორგი ღავთაძე, რომელიც უცხოეთში წავიდა“.
შოთა ჭანუყვაძის ამბობს, რომ გუნდი რთული შეხვედრების მოლოდინშია:
„პირველივე მატჩი მასპინძელ „ტიტოგრადთან“ ფინალის ტოლფასია და ჩემი აზრით, გადამწყვეტი იქნება. ამ გუნდს მონტენეგროს ნაკრების 8 მოთამაშე ჰყავს და მისი საბაზო კლუბია. უდავო ფავორიტი „ფონია“, რომელიც ფაქტობრივად სერბეთის ნაკრებია და ახლა ნაკრების კიდევ სამი გამოცდილი მოთამაშე დაიმატეს. ირლანდიის ჩემპიონს ლეგიონერები ჰყავს, მაგრამ მათი დონის გუნდი არ უნდა იყოს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ღირსეულად ვითამაშებთ“.
წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მეინ-რაუნდში ასპარეზობის უფლებას რვა ჯგუფის პირველადგილოსნები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებენ. მეინ-რაუნდის წილისყრა 30 აგვისტოსაა დაგეგმილი, მატჩები კი, 26-31 ოქტომბერს.
კსუ ევროტურნირებზე არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს. კლუბმა საქართველოს ფუტსალის ლიგის რეგულარულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა. პლეი-ოფში კსუ-მ, ჯერ თელასი-ჯორჯიანსი დაამარცხა, ფინალურ სერიაში კი, კავკასიელებმა თსუ-ს აჯობეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.