ფუტსალი | ზვიად კუპატაძე ნაკრებს დაუბრუნდა - ასათიანს ფერნანდოს იმედი აქვს #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მესამე შეხვედრას თბილისში, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, კაპიტანი და ლიდერი ზვიად კუპატაძე დაუბრუნდა – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა განაცხადა.
კუპატაძემ ლატვიის ტურნირზე სახის ძვლის დაზიანება მიიღო და ოპერაცია დასჭირდა, ამის გამო შესარჩევ ეტაპზე ბელგიასა და ავსტრიასთან პირველი ორი მატჩი გამოტოვა.
„შემადგენლობაში დაგვიბრუნდა ზვიად კუპატაძე, გუნდის კაპიტანი და მოტივატორი. თამაშამდე ექიმებთან კიდევ ერთხელ გავივლით კონსულტაციას და გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა ავსტრიის წინააღმდეგ. ტრავმირებულები გვყავს და ამას უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც მათ ჩაანაცვლებენ – ვფიქრობ, გუნდის დღევანდელი ბირთვი მოსაგებად მზადაა“ – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.
ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა ნაკრების ახალწვეულის, „ბეტისის“ თავდამსხმელ ფერნანდო დრასლერის შესახებ, რომელიც გუნდს შესარჩევ ეტაპამდე დაემატა.
„ფერნანდო გუნდისთვის კარგი შენაძენია – მას დიდი ხანია ვაკვირდებით და მისი გამოცდილების მქონე მოთამაშის იმედი ნამდვილად გვაქვს. ამას გარდა, ფერნანდო დრასლერის დამტება ნაკრებში კონკურენციას გაზრდის. მან ლატვიის ტურნირზე, ბელგიასა და ავსტრიასთან მატჩებშიც დაამტკიცა, რომ არჩევანში არ შევცდით“ – ამბობს ასათიანი.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მესამე შეხვედრას, საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან 9 ნოემბერს გამართავს – მატჩი სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. თამაშზე დასწრება თავისუფალია.