ფუტსალი | ზვიად კუპატაძე - ახალი ნაკრების მოთამაშეებს სურთ დაინახონ, რომ ხალხს მათი სჯერა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ივარჯიშა, სადაც აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
მზადების პროცესის შესახებ და მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ზვიად კუპატაძემ გააკეთა.
„ტრავმის და დისკვალიფიკაციის გამო რუმინეთსა და პორტუგალიასთან მატჩები გამოვტოვე. საქართველოში ჩამოსვლა, თამაში და ქართველი გულშემატკივრების გახარება კი ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერებაა.
ამჟამად, ფაქტობრივად, ახალი გუნდი ყალიბდება. არიან ბიჭები, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება აქვთ. მათ საფუძველზე უნდა აშენდეს ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძოლებს.
ამ გზაზე ყოველ დღეს, ყოველ ვარჯიშს და ყოველ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს. გულშემატკივრებს კი ვთხოვ, მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ, რადგან ამ ბიჭებს სჭირდებათ იმის დანახვა, რომ საქართველოს ფუტსალი უყვარს და ამ ბიჭების სჯერა. ჩვენ მოედანზე ყოველთვის სულს და გულს ვდებდით და ახლაც იგივე იქნება“, – ამბობს ზვიად კუპატაძე.
საქართველოს და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებების მატჩი 14 და 16 აპრილს გაიმართება. ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube არხი შემოგთავაზებთ.