ფუტსალი, წინასწარი ეტაპი | ირაკლი თოდუა - მიზანი ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლაა
დღეს, ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარ რაუნდის F ჯგუფის მატჩები იწყება, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს, 29 იანვარს, გერმანიას 19:00 საათზე შეხვდება. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები გერმანიის გარდა, ავსტრიისა და კოსოვოს ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
გუნდი მზადებას სრული შემადგენლობით აგრძელებს. ავთანდილ ასათიანის გუნდს ლეგიონერებიც შეურთდნენ. მათ შორისაა ირაკლი თოდუა, რომელიც კვიპროსში, ლარნაკას აეკ-ში გადავიდა.
თოდუამ მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.
„მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება, რადგან რთულ ჯგუფში მოვხდით. ციკლს გერმანიასთან მატჩით ვიწყებთ, რომელსაც წინა 5 მატჩი მოვუგეთ. ეს გუნდი ვითარდება და ძლიერდება. თუმცა, საქართველოს ნაკრები ჯგუფის ფავორიტია, პირველ კალათაში ვიყავით განთესილები და ამიტომ ჩვენი მიზანი ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლაა“ – ამბობს ირაკლი თოდუა.