ფუტსალი | სათამაშო განრიგიც გაირკვა - ევრო 2022-ს საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანით გახსნის #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში ფუტსალის 2022 წლის ჩემპიონატს მეზობელ აზერბაიჯანთან მატჩით დაიწყებს. ეს წილისყრის შემდეგ გაირკვა, რომელიც ქალაქ ზეისტში ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა.
ევროპის 16 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ზე D ჯგუფში ითამაშებს. ფუტსალის ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთს, აზერბაიჯანსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. D ჯგუფის მატჩები ქალაქ გრონინგენში ჩატარდება.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრას ქალაქ ზეისტში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, ფუტსალის ნაკრების მენეჯერი დავით დათუნაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი
22 იანვარი, გრონინგენი
საქართველო – აზერბაიჯანი
26 იანვარი, გრონინგენი
ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო
29 იანვარი, გრონინგენი
საქართველო – ესპანეთი
ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ამსტერდამსა და გრონინგენში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. მეოთხედფინალის საგზურს ჯგუფებში საუკეთესო შედეგის მქონდე 2-2 გუნდი მოიპოვებს. აღნიშნულ ეტაპზე თამაშის უფლებას ჯამში 8 ნაკრები მიიღებს.