მეოთხე გუნდი, რომელიც საქართველოს ფუტსალის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფში მოხვდა, სომხეთის ნაკრებია.
ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2 სექტემბერს ნიონში გაიმართა და საქართველოს ნაკრები მე-2 ჯგუფში მოხვდა, სადაც გაირკვა, რომ ჩვენი მეტოქეები საფრანგეთის, რუსეთისა და ბულგარეთი-სომხეთის წყვილის გამარჯვებული ნაკრებები იქნებოდნენ.
ჩვენი მეზობლები წინასწარ რაუნდში ბულგარეთს ორ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და ორივეჯერ – ვარნაში. სომხეთის ნაკრებმა პირველი მატჩი დამაჯერებლად მოიგო – 4:0. განმეორებით მატჩში სომხეთი მასპინძლის რანგში იყო, რადგან ერევანში დროებით საერთაშორისო მატჩების გამართვა აკრძალულია და მეორედაც მოიგო – 3:1. ორი მატჩის ჯამში, სომხეთის ნაკრებმა მეტოქე 7: 1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს.
8 დეკემბერს საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი გამართა – ავთანდილ ასათიანის გუნდი პარიზში საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 4:4 ითამაშა. ჩვენი გუნდი შემდეგ მატჩს 2021 წლის 2 თებერვალს რუსეთის ნაკრებთან თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გამართავს.