ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან ამხანაგური მატჩი გამართა და ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი 4:2 დაამარცხა.

შეხვედრა, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, ავთანდილ ასათიანმა ლეგიონერების გარეშე ჩაატარა. მატჩი ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო და შესვენებამდე სამბურთიანი სხვაობით დვწინაურდით. ანგარიში მე-2 წუთზე ვახტანგ კეკელიამ გახსნა, შემდეგ კი გიორგი ჩიმაკაძემ დუბლი გიორგი ღავთაძის ორი გადაცემით შეასრულა.

მეორე ტაიმი რუმინელებმა კარგად დაიწყეს და საბოლჩ მანიას გოლით სხვაობა შეამცირეს. თამაშის გადასარჩენად სტუმრებმა მეკარე მეხუთე მოთამაშით შეცვალეს. ამით შოთა თოფურიამ ისარგებლა და საკუთარი საჯარიმოდან გატანილი ეფექტური გოლით სამბურთიანი სხვაობა აღადგინა.

ატილა გალიმ სხვაობა ისევ შეამცირა, მაგრამ, საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 4:2 მოიგო. ამ გუნდების მეორე ამხანაგური მატჩი ხვალ, 7 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და 18:00 დაიწყება.

საქართველო – რუმინეთი 4:2

გოლები: 1:0 ვახტანგ კეკელია (2. შოთა თოფურიას პასით), 2:0 გიორგი ჩიმაკაძე (5. გიორგი ღავთაძის პასით), 3:0 გიორგი ჩიმაკაძე (18, გიორგი ღავთაძის პასით), 3:1 საბოლჩ მანია (24), 4:1 შოთა თოფურია (29), 4:2 ატილა გალი (33).