ფუტსალი | საქართველოს ნაკრები რიგის თასის გამარჯვებულია - გუნდმა ფინალში მასპინძელი ლატვია დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რიგაში სამი ერის თასი მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ტურნირის მეორე ტურში ლატვიას დაუპირისპირდა, 2:4 დაამარცხა და მეტოქეებისთვის მიუღწეველი გახდა.
ელგავას „ზემგალეს ოლიმპისკა ცენტრაში“ გამართული შეხვედრა მასპინძლებთან საქართველოს ეროვნულმა გუნდმა წარმატებით დაიწყო და ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გახსნა. ლატვიელების კარი თალესმა აიღო, რომელსაც ასისტენტობა ფერნანდო დრასლერმა გაუწია.
ბალტიისპირელებმა მე-11 წუთზე ალეკსანდრს კულეშოვსკის გოლით გაათანაბრა, მაგრამ ზუსტად 12 წამში მათი კარი ფერნანდო დრასლერმა აიღო, რომელმაც მე-14 წუთზე დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრები შესვენებამდე 1:3 დააწინაურა.
შესვენების შემდეგ ლატვიელებმა გერმან მატიუშენკოს გოლით 29-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ 33-ე წუთზე ბინიომ საქართველოს ნაკრები ისევ ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა 6:3 დაამარცხა და ორი მოგებით სამთა ტურნირის გამარჯვებული გახდა.
რიგის თასის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი 8 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისში, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. 12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრიაში ითამაშებს.