ფუტსალი - „ქუთაისი“ ისევ დამარცხდა, პსპ ერთპიროვნულად გალიდერდა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგის მეოთხე ტური ქუთაისში გამართული მატჩით დასრულდა – ლიგის დებიუტანტმა „ქუთაისმა“ „ილიაუნს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 0:2 დამარცხდა. უქულოდ მყოფი ქუთათურები პირველი ქულების მოპოვებას მეორე საშინაო მატჩში გეგმავდნენ, მაგრამ ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ მატჩში სტუდენტებმა პირველი ტაიმის 20-წამიან შუალედში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს. ომარ ასაშვილმა მე-6 წუთზე გახსნა ანგარიში, მალევე ლაშა კურტანიძემ მასპინძელთა გადაცემა ჩაჭრა და ბურთი კარში გაგზავნა – 0:2.
ქუთაისელთა მცდელობის მიუხედავად, „ილიაუნმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და „არმიასთან“ ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს. „ქუთაისი“ და „ევროპის უნივერსიტეტი“ კი უქულოდ ბოლო ადგილებზე არიან.
სატურნირო ცხრილში მეოთხე ტურის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებებია – გათამაშებას უკვე ერთპიროვნულად პსპ ლიდერობს, რომელიც ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია.