თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის მერვე ტურის შეხვედრები დასრულდა. ლიდერებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს და პოზიციები შეინარჩუნეს.
მერვე ტურის სასტარტო მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ) დიდი ანგარიშით დაამარცხა 9:0. თსუ-ს რიგებიდან დუბლი შაკო კაპანაძემ და გიორგი ჩიმაკაძემ გაიფორმეს.
გათამაშების ლიდერმა „თელასმა“ ქუთაისის „მართვეს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. პირველი ნახევარი „ენერგეტიკოსებმა“ გიორგი ტიკურიშვილის გოლით მინიმალური უპირატესობით ჩაამთავრეს 1:0. მეორე ტაიმში კიდევ სამი გოლი გაიტანეს – მეტოქის კარი ვახტანგ ჯვარაშვილმა, ჯანო გიორგაიამ და ამირან ცხომარიამ აიღეს, ხოლო ქუთაისელებიდან თავი ბაკურ გულუამ და გიორგი გურეშიძემ გამოიჩინეს.
ავთანდილ ასათიანი, „თელასის“ მთავარი მწვრთნელი: „გუნდის ლიდერების ნაწილი უცხოეთში წავიდა, რასაც ნაკრების მივესალმები. ჩვენი მთავარი მიზანია, მეორე წრის დასრულებამდე შევთამაშდეთ. ამიტომ, დღევანდელი არაპროდუქტიული თამაში გასაკვირი არ არის. შეიძლება ითქვას, ნულიდან ვიწყებთ და იმედი მაქვს, ისეთ გუნდს გავაკეთებთ, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს“.
ვახტანგ ჯვარაშვილი, „თელასის“ ფეხბურთელი: “დეკემბერში გუნდი 5 მოთამაშემ დატოვა, რაც ფუტსალში ნახევარი გუნდია. დრო გვჭირდება, რომ დავამუშავოთ კომბინაციები და ისევ ძველებურად შეკრული გუნდი გავხდეთ. არც თუ ისე დიდი ანგარიშით ვიმარჯვეთ, თუმცა საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა, ამ დროისთვის ჩვენი მიზანი სამი ქულა იყო და ავიღეთ კიდეც“.
ფუტსალის ლიგის მერვე ტურის დასკვნით მატჩში მეოთხეადგილოსანი „თბილისი“ მესამეადგილოსან „ილიაუნს“ დაუპირისპირდა და 6:3 დააამარცხა. გამარჯვებულებიდან გოლები ოთარ ბერეჩიკიძის (2), კახა გოგოხიას, ლაშა კუხიანიძის, ბექა ონიანისა და გიორგი თოლორდავას ანგარიშზეა, ხოლო „ილიაუნიდან“ თავი ნიკა გვაზავამ, ომარ ასაშვილმა (10-მეტრიანი ჯარიმა) და მიხეილ იორამაშვილმა გამოიჩინეს.
8 ტურის შემდეგ 21 ქულით „თელასი” ლიდერობს, მეორეზე თსუ-ა (18), ხოლო მესამეზე – „ოლიაუნი” (15).