ფუტსალი | „ჯორჯიანსმა“ სპორტულ ფონდთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა #1TVSPORT
ფუტსალის გუნდმა „ჯორჯიანსმა“ (ყოფილი „თელასი-ჯორჯიანსი“) სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმს ორივე მხრიდან ხელი პრეზიდენტებმა მოაწერეს – კლუბის თავკაცმა აკაკი გვალიამ და ფონდის ხელმძღვანელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. მემორანდუმი ითვალისწინებს ქვეყანაში ფუტსალის განვითარებას და პოპულარიზაციას. ამავე დროს, სოციალური პროექტიცაა, რადგან სოციალურად დაუცველ ბავშვთა გუნდების უფასოდ მომზადება და ვარჯიში ერთ-ერთი მთავარი პუნქტია.
„ჯორჯიანსი“ მემორანდუმით ყოველთვიურად დახმარებას და უეფა-ს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში დამატებით ბონუსებს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ „ჯორჯიანსი“ 12 წელია გამოდის ქვეყნის ჩემპიონატში, 3-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი. ავთანდილ ასათიანის გუნდი ქვეყანას საერთაშორისო არენებზე წარმოადგენდა და ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდია.
ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფონდის ხელმძღვანელი: „ჩვენ არა მხოლოდ ფუტსალის, არამედ ზოგადად ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას და შეძლებისდაგვარად, ბევრი სხვა სახეობის თანადგომას ვაპირებთ. „ჯორჯიანსი“ ქართული ფუტსალის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია. ფუტსალში წარმატებები გვაქვს, რაც გარკვეულწილად „ჯორჯიანსის“ დამსახურებაა. გუნდში პოტენციალი დავინახეთ და თანმაშრომლობა გადავწყვტეთ. ამიტომ პროექტს ორი მიმართულება აქვს – პროფესიული გუნდის გაძლიერება და ფუტსალის მასობრიობის ხელშეწყობა. ჩემპიონობის შემთხვევაში, „ჯორჯიანსი“ ბონუსებს მიიღებს. ამავე დროს, გუნდთან ერთად სოციალურ პროექტებსაც განვახორციელებთ“.
აკაკი გვალია, „ჯორჯიანსის“ პრეზიდენტი: „12 წელია გამოვდივართ ქვეყნის ჩემპიონატში, ასევე საერთაშორისო არენებზე. 3-ჯერ გავხდით საქართველოს ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები. გამიხარდა, რომ ფონდმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მადლობა ტარიელს და მის გუნდს ასეთი ნაბიჯისთვის. ახლა ჩემპიონობისთვის ბრძოლა უფრო რეალური გახდა“.