ფუტსალი | „ჯორჯიანსი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სახელით ითამაშებს #1TVSPORT
ფუტსალი | „ჯორჯიანსი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სახელით ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონი ფუტსალში „ჯორჯიანსი“ თურქეთში ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩებს ახალი სახელით გამართავს – ამის შესახებ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

უნიშვნელოვანეს ტურნირამდე გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში „ჯორჯიანს-თელასად“ იყო ცნობილი, ჩემპიონთა ლიგაზე „ჯორჯიანს-ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სახელით ითამაშებს.

საქმე ისაა, რომ „ჯორჯიანსის“ და „თელასი“ ხანგრძლივი თანამშრომლობა დასრულდა და ავთანდილ ასათიანის გუნდს, სადაც ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე მონაწილე თამაშობს, გვერდში „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ დაუდგა.

თანამშრომლობის დაწყებაზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

„საქართველოში ფუტსალი აღმავლობის გზაზეა და მიმაჩნია, რომ „ჯორჯიანსის“ თანადგომა აუცილებელი იყო. იმედი მაქვს, ეს პარტნიორობა წარმატებული იქნება“, – განაცხადა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, დავით კერესელიძემ, რომელიც ქუთაისის „ტორპედოს“ მფლობელია.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და უნივერსიტეტის მოქმედი „ინტერ აკადემია საქართველოს“ 14 წლამდე ფეხბურთელთა ასაკობრივი გუნდის წევრები, რომლებიც ნოემბერში მილანში გაემგავრებიან და „ინტერის“ ორგანიზებულ ტურნირზე ითამაშებენ.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები თურქეთში ხვალ გამთენიისას გაემგზავრებიან და თურქეთის ქალაქ ქოჯაელში ფუტსალში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ძირითადი რაუნდის F ჯგუფში ითამაშებენ. საქართველოს ჩემპიონი 24 აგისტოს შვედურ „ორებროს“ დაუპირისპირდება, 25 აგვისტოს – გერმანულ „შტუტგარტი 2020-ს“, ხოლო 27 აგვისტოს – მასპინძელ „სტამბულ შიშლის“.