ფუტსალი | ირაკლი თოდუა - უმნიშვნელოვანესი იყო, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მოგებით დაგვეწყო #1TVSPORT
ირაკლი თოდუამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ელიტრაუნდში სომხეთის წინააღმდეგ ჩატარებულ (2:1) შეხვედრაზე ისაუბრა, რომლის მოგებაში წვლილი თავადაც შეიტანა – სომხეთთან ანგარიში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გახსნა, მეორე ბურთი კი ბრუნო გომესმა გაიტანა.
„სომხეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც შევხვდით, მაგრამ მას შემდეგ ეს გუნდი ძალიან გაძლიერდა, ლეგიონერები დაიმატეს და რთული თამაში გვქონდა. ეს გამოჩნდა კიდეც, შეიძლება ითქვას, თანაბარი შეხვედრა გამოვიდა.
უმნიშვნელოვანესი იყო, ეს ეტაპი გამარჯვებით დაგვეწყო. ამით პირველ თამაშზე დასახული გეგმა შევასრულეთ. ახლა პორტუგალიაში მივდივართ, სადაც ძალიან რთული მატჩი გველის.
რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ სამი ქულა ავიღეთ, მაგრამ შესარჩევი ეტაპი გრძელდება და ვეცდებით, რომ ქულების მაქსიმუმი დავაგროვოთ და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ“, – ამბობს ირაკლი თოდუა.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტრაუნდის მომდევნო მატჩს 20 სექტემბერს, პორტუგალიასთან სტუმრად გამართავს.