ფუტსალი | გიორგი ღავთაძე - შესარჩევი ციკლის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდი იქნება #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრმა, გიორგი ღავთაძემ რუმინეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩებზე ისაუბრა – საქართველოს ფუტსალის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები ლეგიონერების გარეშეც ძლიერი გუნდი იქნება.
6 და 7 თებერვალს სპორტის სასახლეში ჩვენმა გუნდმა რუმინეთთან ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე ერთნაირი ანგარიშით, 4:2 მოიგო. ამ ამხანაგური მატჩებით ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადება დაიწყო.
„დეკემბერში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები დაიწყება და ამ თამაშებში ნაკრების მწვრთნელს ყველა მოთამაშის შესაძლებლობების ნახვა სურდა. რუმინეთი ძლიერი ნაკრებია, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს. ჩემი აზრით, პრობლემების მიუხედავად, დეკემბრისთვის სასურველ ფორმაში ვიქნებით და აუცილებლად ვაჩვენებთ, საქართველო ფუტსალში რას წარმოადგენს.
რუმინეთთან თავი ყველა ფეხბურთელმა კარგად წარმოაჩინა, ვფიქრობ, კიდევ მოვუმატებთ. ამას საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ – რთულია, პირველივე შეხვედრაში მოთამაშემ შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს. მიმაჩნია, რომ შესარჩევი მატჩებისთვის ძლიერი გუნდი ვიქნებით“, – ამბობს გიორგი ღავთაძე.