ფუტსალი | გიორგი ღავთაძე - ლატვიასთან თამაშმა ბევრი ნაკლი დაგვანახა, რომელიც კოსოვოსთან მატჩამდე უნდა გამოვასწოროთ #1TVSPORT
11:30, 08.11.2024
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და გუნდის ლიდერმა, გიორგი ღავთაძემ ლატვიასთან გამართული ამხანაგური მატჩების (2:2, 2:6) შემდეგ კომენტარები გააკეთეს.
ავთანდილ ასათიანი: „დეკემბერში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იწყება და ეს თამაშებიც ამ ტურნირისთვის მოსამზადებლად გვჭირდებოდა. სამწუხაროდ, ლატვიასთან მეორე თამაშში დავმარცხდით, მაგრამ, მეორეს მხრივ, კარგია, რომ ეს შეცდომები დღეს დავუშვით, შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე ხარვეზები უნდა გამოვასწოროთ.
კოსოვოსთან მატჩამდე საკმაო დრო გვაქვს, თამაშს კარგ განწყობაზე რომ შევხვდეთ. რა თქმა უნდა, ჯობდა მოგვეგო, მაგრამ შეცდომებზეც უნდა ვისწავლოთ. გვაქვს შანსი, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ვიბრძოლოთ, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს“.
გიორგი ღავთაძე: „ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ვემზადებით, რომელიც 13 დეკემბერს თბილისში კოსოვოსთან მატჩით დაიწყება. საქართველოს ნაკრები იქ აჩვენებს, რეალურად რა შეუძლია. რა თქმა უნდა, ამხანაგური მატჩების შედეგებით კმაყოფილი არ ვართ, თბილისში ლატვიასთან წაგება და ფრე დადებითი შედეგი არ არის, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ მატჩებმა ბევრი ნაკლი დაგვანახა, რომელიც კოსოვოსთან მატჩამდე უნდა გამოვასწოროთ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2026-ის მეინრაუნდის მატჩებს დეკემბერში გამართავს – ჩვენი გუნდი 13 დეკემბერს შინ კოსოვოს უმასპინძლებს, ხოლო 18 დეკემბერს საფრანგეთს ესტუმრება.