ნიდერლანდებში მიმდინარე ფუტსალის ევრო 2022-ზე „დ“ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, მეორე შეხვედრა გაიმართა – ესპანეთის ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.
ანგარიში ესპანელებმა რაულ გომესის გოლით მე-3 წუთზე გახსნეს. მალე რაულ კამპოსმა (მე-9 წუთზე) ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ბოსნიელთა შემტევმა ბოშკოვიჩმა მე-12 წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ შესვენებამდე ლოზანომ (18) ესპანელთა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.
მეორე ნახევარში ორტიზმა დუბლი (21, 37) შეასრულა და ესპანელების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების მსგავსად, პირინეელებმა ევრო 2022-ზე პირველი მატჩი მოიგეს 5:1.
პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით ესპანეთის და საქართველოს ნაკრებები ლიდერობენ, აზერბაიჯანი და ბოსნია-ჰერცეგოვინა კი უქულოდ არიან.
ევრო 2022-ის „დ“ ჯგუფში მეორე ტური 26 იანვარს გაიმართება – საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, ხოლო აზერბაიჯანი – ესპანეთს.