ფუტსალი | აზერბაიჯანის ნაკრების კაპიტანი - საქართველოს ნაკრები ბოლო წლებში იზრდება #1TVSPORT
აზერბაიჯანის ფუტსალის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა რიზვან ფარზალიევმა კომენტარი გააკეთა ევრო-2022 ფინალური ეტაპის წილისყრაზე, სადაც მისი ნაკრები „დ“ ჯგუფში ესპანეთის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის გუნდებთან ერთად მოხვდა. მან საქართველოს ნაკრებზე ილაპარაკა.
„სამივე გუნდი ჩვენთვის ნაცნობია. მათ შევხვდით როგორც ოფიციალურ, ასევე ამხანაგურ მატჩებში. ვფიქრობ, ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო საქართველოს ნაკრები, რომელთანაც პირველ მატჩს ვითამაშებთ. ბოლო წლებში ეს გუნდი სულ უფრო და უფრო იზრდება. ჯერ კიდევ 2018 წელს, პლეიოფში წააგეს და ხელიდან გაუშვეს ფინალში დებიუტის შესაძლებლობა. მათი ფეხბურთელების უმეტესობა ბრაზილიელია“, – ამბობს რიზვან ფარზალიევი.
აზერბაიჯანის ფუტსალის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დანარჩენი მეტოქეებიც დაახასიათა:
„რაც შეეხება ესპანელებს, მათი ძალა და მიზნები ყველასთვის ცნობილია. ჩვენთვის ისინი კვლავ უძლეველ მეტოქეებს შორის არიან. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანელები ახალგაზრდობას ეყრდნობოდნენ. ახალი თაობა მოდის, რომელიც თავისი წინამორბედების წარმატებების გამეორებას შეეცდება. ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად გამოიყურებოდნენ. ჯგუფის ბოლო მატჩში შევხვდებით ბოსნია-ჰერცეგოვინას. ევროს ფინალში რადგან გავიდა, გამოდის ეს ძლიერი გუნდია“.
მისი თქმით, აზერბაიჯანს სხვებთან უპირატესობა გააჩნია:
„ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეექვსედ გამოვალთ. ამ ინდიკატორის მიხედვით, ჩვენ ჯგუფში ესპანეთის შემდეგ ყველაზე გამოცდილი გუნდის ვართ. სხვა მეტოქეები დებიუტანტები არიან. მაგრამ ეს არ ამარტივებს ჩვენს ამოცანას. უფრო მეტიც, ამჯერად ევრო ახალი ფორმატით ჩატარდება, ჯგუფებში 4 გუნდი ითამაშებს, რაც თითოეული მატჩის მნიშვნელობას ზრდის. იმისათვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, ჩვენ გამარჯვებით უნდა დავიწყოთ. ადრე ჯგუფებში სამი გუნდი იყო და ძირითადად ერთ მეტოქეს ვებრძოდით. თუნდაც ერთი ქულით შესაძლებელი იყო ჯგუფიდან გასვლა. ახლა ეს არ მოხდება. კონკურენცია იზრდება და რთული იქნება, მაგრამ ჩვენს გამოცდილებას დავეყრდნობით. ჯგუფური ეტაპის დასაძლევად ძალების მობილიზებას ვაპირებთ“.