ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - პორტუგალიასთან მოგებაც აღარ გვიხარია, რადგან საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური წაართვეს #1TVSPORT
მსოფლიოს და ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიასთან მოგებული ისტორიული მატჩი (2:1) საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა შეაფასა და ღიად განაცხადა, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი შესარჩევ ციკლში დაიჩაგრა.
„დავამარცხეთ ნაკრები, რომელსაც ხუთი წელი ოფიციალური თამაში არ წაუგია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემს გუნდს ეს მაინც არ უხარია, რადგან საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ხელიდან წაართვეს – უბრალოდ, არასამართლიანია, ამ გუნდის ასე ჩამოშლა.
პორტუგალიასთან გამოჩნდა, რა შეუძლია ამ გუნდს – ბიჭებმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს. უბრალოდ, მინდა ბიჭებს მთელი ქვეყნის გასაგონად მადლობა გადავუხადო, რადგან ასეთი დონის მეტოქესთან მოგება ადვილი არ არის. ამას მსოფლიო დონის ნაკრებები ვერ ახერხებდნენ, მაგრამ ერთიანობით და სწორი მუშაობით ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს – პორტუგალიელების და ფინელების საჩივრის გამო, საქართველოს ნაკრებს 6 ქულა ჩამოართვეს და ჯგუფის მეორეადგილოსანი საბოლოოდ, მესამე ადგილზე დაქვეითდა, მეორეადგილოსანის სტატუსი კი ფინეთმა მიიღო.