ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩები მეინ რაუნდისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ #1TVSPORT
ლიეტუვასთან მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის მზადებისა და ამ შეხვედრების მნიშვნელობის შესახებ საქართელოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა ისაუბრა.
„ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ვემზადებით, რომელიც დეკემბერში დაიწყება. ჩვენი მიზანია, გამოვიყენოთ ამხანაგური მატჩები იმისთვის, რომ დეკემბრისთვის კითხვის ნიშნები აღარ დაგვრჩეს და საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიოთ.
ლიეტუვის ნაკრები სპეციფიკური გუნდია და, ამავე დროს, მომდევნო ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია. ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს, რაც მომდევნო თამაშებისთვის მზადების პროცესში ძალიან დაგვეხმარება. ამ შეხვედრებში ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვაკლდება – ტრავმის გამო შოთა თოფურია და ირაკლი თოდუა ვერ ითამაშებენ.
სამაგიეროდ, ისეთ მოთამაშეებს მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება, ვისაც აქამდე ნაკლებად უწევდა თამაში. ლიეტუვაში მოგებას ვეცდებით, მაგრამ ამავე დროს დეკემბრის ოფიციალური მატჩებისთვის მზადებაზე უნდა ვიფიქროთ“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.
საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩებს 17 და 19 სექტემბერს გამართავს. ქალაქ კედაინიაიში შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ფუტსალში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები მეათე ჯგუფში მოხვდა, სადაც საფრანგეთის, კოსოვოსა და ბულგარეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს.
მეინ რაუნდის მატჩები მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყება და ორ წრედ ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატი 2026 წელს 18 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.