ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - აზერბაიჯანის დონის ნაკრებთან თამაში განვითარებაში დაგვეხმარება #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა აზერბაიჯანთან მოგებული ამხანაგური შეხვედრების (3:2, 2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გარდა იმისა, რომ მოვიგეთ, ასეთი თამაშები ჩვენი გუნდის განვითარებისთვის სასარგებლოა. უნდა ვისწავლოთ თამაშის კონტროლი და ბოლო წუთებზე გამარჯვების მოპოვება. მოთმინება გვჭირდება, რადგან იქნება თამაშები, სადაც ჩვენს მომენტს უნდა დაველოდოთ. ზუსტად ასეთ მატჩებში გაიზრდებიან ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც დღეს საქართველოს ნაკრებში ასპარეზობენ.
აზერბაიჯანთან მატჩებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით მეინრაუნდისთვის მოსამზადებლად. ნაკლოვანებები ამხანაგურ თამაშებში უნდა დავინახოთ და გამოვასწოროთ – ოფიციალურ მატჩებში შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვექნება. დიდი მადლობა გულშემატკივარს, ერთად უნდა შევძლოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ გავიდეთ“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის აზერბაიჯანთან ამხანაგური მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინრაუნდში ჩვენი გუნდის მეტოქეთა ვინაობა 30 მაისს გახდება ცნობილი, მატჩები კი დეკემბრიდან ჩატარდება.