წყალტუბოს „სამგურალს“ 2022 წლიდან გიორგი მიქაძე გაწვრთნის, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე სოსო ფრუიძეს ჩაანაცვლებს – კლუბი ახალი მწვრთნელის დანიშვნას არ ადასტურებს, მაგრამ ფრუიძის გაშვებას არ უარყოფს.
სოსო ფრუიძე გუნდში 2021 წლის გაზაფხულზე მიიწვიეს და მან „სამგურალის“ წინაშე დასახული ერთი ამოცანა გადაჭრა – გუნდმა ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ფრუიძის აქტივშია საქართველოს თასის ფინალში გასვლაც, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი გუნდმა წააგო და სავარაუდოდ, მისი მუშაობა დადებითად ამის გამო ვერ შეფასდა. თუმცა, შესაძლოა, ფრუიძე გუნდში სხვა როლში დარჩეს.
მთავარ მწვრთნელად დანიშნული „თელავის“ ყოფილი თავკაცი გიორგი მიქაძე ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტია. ის ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა, რაც ლოგიკური იყო – „თელავის“ დამრიგებელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი გახლდათ, რადგან გუნდი ურთულესი მდგომარეობიდან გამოიყვანა.
40 წლის გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „თელავმა“ მოახერხა და ბოლო ადგილს თავი დააღწია, შემდეგ კი ეროვნულ ლიგაში ადგილი პირდაპირი გზით შეინარჩუნა. მიქაძის გარეშე ეს წარმოუდგენელი ჩანდა, რადგან გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო.