იტალიის თასზე „იუვენტუსმა“ „ფროზინონე“ დაამარცხა - კვერნაძეს არ უთამაშია #1TVSPORT
გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ იტალიის თასზე „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა, 4:0 დამარცხდა და ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
მეოთხედფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ტურინულმა კლუბმა უმასპინძლა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ „ფროზინონეს“ მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ არ ათამაშა.
„იუვენტუსმა“ თამაში დამაჯერებლად დაიწყო და პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. მატჩის გმირი არკადიუშ მილიკი იყო, რომელმაც მე-11 წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა, შესვენებამდე კი „ფროზინონეს“ (38-ე წუთზე) მეორე ბურთიც გაუტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „იუვენტუსის“ პოლონელმა თავდამსხმელმა ჰეთთრიკი შეასრულა და, ფაქტობრივად, თამაშის ბედი გადაწყვიტა. 57-ე წუთზე მილიკმა მეოთხეც გაიტანა, მაგრამ თამაშგარეს გამო ვიდეორეფერიმ გოლი გააუქმა.
აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსის“ ბოლო ფეხბურთელი, ვინც იტალიის თასზე ჰეთთრიკი შეასრულა, ალესანდრო დელ პიერო იყო, რომელმაც სამი ბურთი 2006 წლის 10 იანვარს, 18 წლის ასაკში „ფიორენტინას“ გაუტანა.
საბოლოო ანგარიში 61-ე წუთზე „იუვენტუსის“ თურქმა თავდამსხმელმა, 18 წლის კენან ილდიზმა დააფიქსირა და ტურინული გრანდი იტალიის თასის ნახევარფინალში ითამაშებს.