„ფროსინონეს“ მწვრთნელი - კვერნაძეს მტკიცე ხასიათი და მაღალი კლასი აქვს, მისი ტრანსფერი ამიტომ გამოვისყიდეთ #1TVSPORT
„ფროსინონე“ ახალ სეზონში ორი ახალგაზრდა თავდამსხმელის „აფეთქებას“ ელის, ერთ-ერთი მათგანი გიორგი კვერნაძეა, – ამის შესახებ გამოცემა Alessioporcu წერს.
„„ფროსინონეს“ მწვრთნელი ვინჩენცო ვივარინი ახალ სეზონში მაქსიმალურად შეეცდება ახალგაზრდა ფლანგის შემტევების, გიორგი კვერნაძისა და ფარეს გეგემისის გამოყენებას. კლუბმა კვერნაძის ტრანსფერი ფოთის „კოლხეთისგან“ გამოისყიდა, გეგემისი კი საფრანგეთის დაბალი ლიგის გუნდ „რუანიდან“ დაიმატა.
ახალ სეზონში „ფროსინონე“ ვინჩენცო ვივარინის ხელმძღვანელობით მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას შეეცდება. ამაში კი კვერნაძისა და გეგემისის როლი, შესაძლოა, გადაწყვეტი აღმოჩნდეს, ვივარინის მათი შესაძლებლობების სჯერა.
2003 წელს დაბადებული კვერნაძე „ფროსინონეში“ ერთი წლის წინ ჩაირიცხა, მას „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას ადარებდნენ. ამ შედარებამ, შესაძლოა, ფეხბურთელზე უარყოფითად იმოქმედა და მის მიმართ ისედაც დიდი მოლოდინი კიდევ უფრო გაზარდა.
იტალიური კლუბი კვერნაძეს საქართველოს ჩემპიონატსა და 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშის დროს კლუბის სკაუტების მეშვეობით აკვირდებოდა და, საბოლოოდ, ფოთის „კოლხეთიდან“ იჯარით დაიმატა. სადებიუტი სეზონი იოლი არ გამოდგა – გიორგიმ სერია A-ში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, ხოლო იტალიის თასზე კი – 3.
ამ პერიოდში მან დიდი გამოცდილება მიიღო და კლუბის ხელმძღვანელობის ნდობა დაიმსახურა – იტალიურმა კლუბმა „კოლხეთიდან“ ტრანსფერი გამოისყიდა და ფეხბურთელთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, გადამწყვეტი ვინჩენცო ვივარინის პოზიცია აღმოჩნდა“, – წერს იტალიური გამოცემა და „ფროსინონეს“ მწვრთნელის კომენტარს აქვეყნებს.
„კვერნაძეს მტკიცე ხასიათი და მაღალი კლასი აქვს, ამიტომაც გამოვისყიდეთ მისი ტრანსფერი. ახალ მოთამაშეებს გუნდთან შესაგუებლად დრო და სათამაში პრაქტიკა სჭირდებათ. კვერნაძე მრავალმხრივი მოთამაშეა, მას თავდასხმაში ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში“, – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.