ფრენკი დე იონგი - კვარაცხელიას წინააღმდეგ ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, მას ყველაფერი შეუძლია #1TVSPORT
„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი „ნაპოლისთან“ გასამართი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ესპანური გუნდის ფეხბურთელებმა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ითამაშონ.
„ჩვენ ყველა მატჩისთვის ერთნაირად ვემზადებით. მწვრთნელები ყველაფერს გააანალიზებენ მეტოქის შესახებ. ხვიჩა კვარაცხელია ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა, მას ყველაფერი შეუძლია – დრიბლინგი, გოლების გატანა, საგოლე გადაცემის შესრულება. ის არის ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც ხვალ ფრთხილად უნდა ვითამაშოთ.
„ნაპოლი“ სერია A-ში კარგად ვერ თამაშობს. შესაძლოა, ევროსაგზურიც ვერ მოიპოვოს, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ჰყავთ ძალიან ძლიერი გუნდი. არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი იტალიის ჩემპიონები არიან, პრობლემების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდნენ“, – განაცხადა ფრენკი დე იონგმა.
შეგახსენებთ, რომ „პარტენოპეიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ თამაშამდე სამი დღით ადრე მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაძარი გაათავისუფლა და ფრანჩესკო კალცონა დანიშნა, რომელიც სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელადაც დარჩა.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შორის ოთხშაბათს, 21 თებერვალს „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.