ფრენკი დე იონგი - „ბარსელონაში“ გადასვლამდე კუმანს გავესაუბრე
ფრენკი დე იონგი - „ბარსელონაში“ გადასვლამდე კუმანს გავესაუბრე

„აიაქსის“ ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა, რომელიც ახალი სეზონიდან „ბარსელონას“ შეუერთდება, განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბში გადასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე, ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს გაესაუბრა.

„მე ბევრი რამის შესახებ ვკითხე მას. მოვისმინე მისი წარმატებები „ბარსელონაში“. მსურდა მისი აზრის გაგება ქალაქზე, ყოველდღიურ ცხოვრებასა და კლუბზე. როდესაც ასეთი რაღაცები წინასწარ იცი, თავს მშვიდად გრძნობ.

დიახ, მისგან რჩევა მივიღე. ამას ყოველ ჯერზე ვაკეთებდი, როდესაც ნაკრების განკარგულებაში ვიყავი. მინდოდა იმის გაგება, თუ რას ფიქრობდა რონალდ კუმანი ამ ყველაფრის შესახებ.

მან თქვა, რომ უნდა წახვიდე იქ, სადაც რეგულარული სათამაშო პრაქტიკა გექნება. არ აქვს მნიშვნელობა, სად, მთავარია – ითამაშო“, – ციტირებს დე იონგს „ასი“ (AS).