ფრე წლის ბოლო მატჩში - საქართველოს ფუტსალის ნაკრები ყირგიზეთს დაუზავდა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული გუნდი ყირგიზეთის ნაკრებს მეორე ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ დასრულდა – 2:2.
პირველი შეხვედრა გუშინ საქართველოს ნაკრებმა 1:2 წააგო. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები მოედანზე რევანშის სურვილით გავიდნენ და მალევე დაწინაურდნენ.
მეტოქის კარი მე-2 წუთზე არჩილ სებისკვერაძემ ძლიერი დარტყმით აიღო. მე-5 წუთზე გუნდს ანგარიშის დაწინაურების შანსი ისევ არჩილ სებისკვერაძის დარტყმის შემდეგ გაუჩნდა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და კარის ხაზი ვერ გადაკვეთა.
საქართველოს ნაკრებს გოლის კიდევ არაერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ ამ შესაძლებლობებით ვერ ისარგებლა და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დაისაჯა – სტუმართა შეტევისას ბურთი საკუთარ კარში გიორგი ღავთაძემ ჩაჭრა 1:1.
მეორე ტაიმში, 29-ე წუთზე აზატ ისაბეკოვმა ყირგიზები დაააწინაურა. 30-ე წუთზე ნიკა კურტანიძემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გამარჯვების გოლის გატანა ვეღარ შეძლო და წლის ბოლო მატჩი 2:2 დაასრულა.