ფრე სლოვაკებთან - „ტორპედომ“ თურქეთში მეორე შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT
ფრე სლოვაკებთან - „ტორპედომ“ თურქეთში მეორე შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური შეხვედრა სლოვაკურ კლუბთან გამართა და 2:2 დაასრულა.

„ტატრან ლიპტოვსკი მიკულასთან“ (რომელიც სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში თამაშობს) შეხვედრა უამინდობისა და ძლიერი წვიმის გამო დაგეგმილზე 25 წუთის დაგვიანებით დაიწყო. თამაშიც წვიმაში მიმდინარეობდა და სლოვაკებმა პირველ ტაიმში მე-9 და 44-ე წუთებზე გატანილი გოლებით პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

ქუთაისის „ტორპედომ“ მეორე ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარა და სლოვაკების უპირატესობა გააბათილა. 52-ე წუთზე კახა ჩხეტიანის გუნდმა სხვაობა კურიოზული გოლით შეამცირა. „ტატრან ლიპტოვსკის“ მეკარე ვერ შეწვდა ბურთს, რომელიც მცველმა დაუგორა. ხოლო მეორე გოლი ბრაზილიელ ლეგიონერ დავიდ კეიეს ეკუთვნის, რომელმაც 78-ე წუთზე წონასწორობა ფლანგური გადაცემის შემდეგ აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თურქული შეკრების მეორე ამხანაგური შეხვედრა ქუთაისურმა გუნდნა შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: გოშაძე, გეგეჩკორი, მონტეირო, სანდოხაძე, ქობულაძე, გიგაური, სამურკასოვი, ჩიტაიშვილი, არაბიძე, ახვლედიანი, ქიმაძე.